ElevenLabs და Universal Music Group ქმნიან პლატფორმას, სადაც მსმენელები მონაწილე არტისტების სიმღერების რემიქსებს, რამდენიმე კომპოზიციის გაერთიანებით შექმნილ mashup-ებსა და ახალ ინტერპრეტაციებს მოამზადებენ. სერვისი ლიცენზირებულ მუსიკასა და არტისტების მონაწილეობას დაეფუძნება.
მრავალწლიანი შეთანხმება კომპანიებმა 10 სექტემბერს გამოაცხადეს. მათი განცხადებით, თანამშრომლობა მუსიკოსებისა და სიმღერების ავტორებისთვის ახალ AI აუდიოინსტრუმენტებსაც მოიცავს და შემოქმედებს მიღებულ შემოსავალში მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
რატომ არის მნიშვნელოვანი
მსმენელს მუსიკასთან ურთიერთობის ახალი გზა უჩნდება — მოსმენასთან ერთად, საკუთარი ვერსიის შექმნაც. ამ მოდელში არტისტების მონაწილეობა და მუსიკის გამოყენების ნებართვა თავად სერვისის საფუძველია.
როდის შევძლებთ გამოყენებას?
პლატფორმა ჯერ დამუშავების პროცესშია. გაშვების თარიღი, ფასი, მონაწილე არტისტების სია და რეგიონული ხელმისაწვდომობა განცხადებაში მითითებული არ არის. ის ElevenMusic-ისგან დამოუკიდებელი სერვისი იქნება.

