უკვე სამი წელია, ვაკვირდები ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას. სხვადასხვა პროექტში მონაწილეობისას თვალს ვადევნებდი როგორც AI-სტარტაპების ზრდას, ასევე ხელოვნური ინტელექტის მრავალფეროვანი აპლიკაციების გამოყენებას შემოქმედებით ინდუსტრიებში. მისი უპირატესობებისა და უზარმაზარი პოტენციალის მიუხედავად, სულ უფრო ხშირად ისმის განგაშის ზარები.

ეთიკის ექსპერტები და ციფრული ტექნოლოგიების მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ AI-ს შეუძლია არა მხოლოდ შეცვალოს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, არამედ რადიკალურად იმოქმედოს მომავალი თაობების აზროვნებაზე, ქცევასა და ღირებულებებზე.

ჩვენ, X თაობის წარმომადგენლები, გავიზარდეთ სრულიად განსხვავებულ, „ანალოგურ“ სამყაროში. ჩვენი შვილები და უკვე შვილიშვილებიც კი შედიან სივრცეში, სადაც ალგორითმები უხილავად აყალიბებენ მათ გემოვნებას, გადაწყვეტილებებს, საინფორმაციო დღის წესრიგსა და კომუნიკაციის მეთოდებს.

ამ სტატიაში შევაჯამე ყველაზე სერიოზული საფრთხეები, რომლებზეც დღეს მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები საუბრობენ, და ვეცდები რეალური გადაწყვეტის გზებიც შემოგთავაზოთ.

ორი მასშტაბის საფრთხე

ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტი ლაბორატორიებიდან გამოვიდა და ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ჩატბოტები, გენერაციული ალგორითმები, რეკომენდაციის სისტემები და პროგნოზირების მოდელები უკვე პირდაპირ გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვმუშაობთ.

პირველი საფრთხე ეგზისტენციალური რისკია — სუპერინტელექტის, ანუ AGI-ის გაჩენა, რომელსაც შესაძლოა ადამიანის კონტროლის მიღმა მოქმედება შეეძლოს. მეორე კი უკვე მიმდინარე რისკებია: ვიწრო AI-სისტემების მასობრივი დანერგვა, რომელსაც ადამიანის ფსიქიკაზე, სოციალურ სტრუქტურებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე პირდაპირი გავლენა აქვს.

ორივე მიმართულება სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს. განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები და ახალგაზრდები: ისინი უკვე იზრდებიან ალგორითმების მიერ შექმნილ ციფრულ გარემოში, რომელიც ჯერ კიდევ სრულად არ არის ეთიკურად და სამართლებრივად დარეგულირებული.

AI-ის ათი ყველაზე სახიფათო ასპექტი

1. ფსიქოლოგიური ზიანი და კრიზისული მდგომარეობების გაღრმავება

„ემპათიური“ ჩატბოტები და AI-კომპანიონები ქმნიან მხარდაჭერისა და მეგობრობის ილუზიას, მაგრამ განსაკუთრებით მოზარდებში შეიძლება გააღრმაონ შფოთვა, მარტოობა და კრიზისული მდგომარეობა. ასეთ სისტემებს ყოველთვის არ აქვთ ადეკვატური უსაფრთხოების პროტოკოლები და ზოგჯერ მომხმარებლისთვის საზიანო ნარატივსაც აძლიერებენ. მძიმე შედეგების შესახებ დოკუმენტირებულმა შემთხვევებმა აშშ-ში დეველოპერების წინააღმდეგ სასამართლო დავებიც გამოიწვია.

2. ნდობის მანიპულაცია და ემოციური მიჯაჭვულობა

AI-მოდელებს შეუძლიათ „ღრმა“ ურთიერთობის შთაბეჭდილების შექმნა, ნდობის მოპოვება და მისი გამოყენება ქცევაზე გავლენის მოსახდენად. ეს ხშირად აღწერილია როგორც „AI-მიჯაჭვულობის ხაფანგი“. იზრდება იმ მოზარდების რაოდენობაც, რომლებიც AI-კომპანიონებთან ძლიერ ემოციურ კავშირს ამყარებენ და ადამიანურ ურთიერთობებს თანდათან შორდებიან.

3. საერთო რეალობის რღვევა და დემოკრატიის შელახვა

გენერაციულმა მოდელებმა წარმოქმნეს დეზინფორმაციის, დიპფეიკებისა და ყალბი საჯარო დისკუსიების ტალღა. ეს ამცირებს ნდობას მედიის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ერთმანეთის მიმართ. AI-გენერირებული კონტენტი უკვე გამოიყენება საარჩევნო კამპანიებსა და გეოპოლიტიკურ კონფლიქტებში.

4. ალგორითმული კონტროლი — ალგოკრატია

როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალე ალგორითმი იღებს, ადამიანი საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განცდას კარგავს. რისკი განსაკუთრებით დიდია მაშინ, როცა სისტემები მოქალაქეების ქცევას აფასებენ და ამ შეფასებით მათ უფლებებსა თუ შესაძლებლობებს ზღუდავენ.

5. მასობრივი უმუშევრობა და სოციალური კონტრაქტის რღვევა

AI-ს შეუძლია ჩაანაცვლოს როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური შრომის ნაწილი. მომდევნო ათწლეულებში მრავალი პროფესია შეიძლება გაქრეს ან რადიკალურად შეიცვალოს, ხოლო სიმდიდრე AI-ინფრასტრუქტურის მფლობელთა ხელში კიდევ უფრო მეტად კონცენტრირდეს.

6. უთანასწორობის ზრდა და უნივერსალური ბაზისური შემოსავალი

უნივერსალური ბაზისური შემოსავალი შეიძლება უსაფრთხოების ბადედ იქცეს, მაგრამ შესაძლოა ძალაუფლების კონსოლიდაციის ინსტრუმენტადაც გადაიქცეს: ტექნოლოგიური ელიტა გახდეს „დონორი“, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი მასზე მუდმივად დამოკიდებული. ამ სცენარში ადამიანს სოციალური ფუნქციისა და გადაწყვეტილებებზე გავლენის დაკარგვა ემუქრება.

7. შეიარაღების რბოლა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა

აშშ-სა და ჩინეთს შორის კონკურენციამ შეიძლება AI-ის განვითარება „ვინც პირველი მივა, ის იგებს“ ლოგიკით დააჩქაროს. ასეთი რბოლა უსაფრთხოების შემოწმებებსა და საერთაშორისო შეთანხმებებს მეორე პლანზე სწევს.

8. ავტონომიური იარაღი

სისტემები, რომლებიც ადამიანის უშუალო მონაწილეობის გარეშე იღებენ სამიზნის არჩევისა და ძალის გამოყენების გადაწყვეტილებებს, უკვე სამხედრო დისკუსიისა და პრაქტიკის ნაწილია. ეს ზრდის კონტროლის დაკარგვის, კონფლიქტის ესკალაციისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის რისკს.

9. საშიში შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა

ძლიერ AI-სისტემებს შეუძლიათ გაამარტივონ ისეთი ცოდნის მოძიება, რომელიც არასწორი გამოყენების შემთხვევაში საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ამიტომ მოდელების უსაფრთხოების ტესტირება, წვდომის კონტროლი და მაღალი რისკის მოთხოვნების ბლოკირება ტექნიკურ პრიორიტეტად უნდა იქცეს.

10. შესაბამისობის პრობლემა და კონტროლის დაკარგვა

სუპერინტელექტურ სისტემას შეიძლება ჰქონდეს მიზნები, რომლებიც ადამიანის განზრახვას არ ემთხვევა. სწორედ ამიტომ მკვლევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ შესაბამისობის, გამჭვირვალობის, ზედამხედველობისა და სისტემის უსაფრთხოდ გამორთვის საკითხებს.

როგორ დავიცვათ საზოგადოება?

დარგის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული ნაბიჯები აერთიანებს ეკონომიკურ, სამართლებრივ, ტექნიკურ და საგანმანათლებლო ზომებს. მათი მიზანია, ტექნოლოგიის სარგებელი საზოგადოებას უფრო ფართოდ გაუნაწილდეს და მაღალი რისკის სისტემები რეალური ზედამხედველობის ქვეშ მოექცეს.

  • შეიქმნას საერთაშორისო და ეროვნული ფონდები, რომლებიც AI-კომპანიების მოგების ნაწილს უმუშევრობის შედეგების კომპენსაციასა და ახალ საჯარო სერვისებს მოახმარს.
  • სახელმწიფოებმა ინვესტიცია ჩადონ ღია მოდელებსა და კოოპერატიულ ინფრასტრუქტურაში, რათა მნიშვნელოვანი AI-სისტემები მხოლოდ რამდენიმე კერძო კომპანიის საკუთრება არ იყოს.
  • სახელმწიფო შესყიდვებსა და გრანტებში დაინერგოს „ზიანის შეფასება“: დაფინანსებისას განისაზღვროს, ზრდის თუ არა პროექტი უმუშევრობას, ემოციურ დამოკიდებულებას ან სხვა საზოგადოებრივ რისკს.
  • ყველაზე მძლავრი სისტემები დაექვემდებაროს დამოუკიდებელ აუდიტს, ხოლო დიდი გამოთვლითი ინფრასტრუქტურა — საერთაშორისო გამჭვირვალობის წესებს.
  • გაეროს ფარგლებში გაძლიერდეს AI-იარაღის საერთაშორისო კონტროლი, ინსპექციისა და პასუხისმგებლობის მკაფიო მექანიზმებით.
  • AI-გენერირებული კონტენტი მკაფიოდ მოინიშნოს; პოლიტიკურ დიპფეიკებზე კი მოქმედებდეს მკაცრი და აღსრულებადი წესები.
  • AI-კომპანიებსა და მათ ხელმძღვანელებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა სისტემის მიერ პროგნოზირებად და თავიდან აცილებად ზიანზე.
  • არასრულწლოვნებისთვის შექმნილ AI-კომპანიონებს ჰქონდეთ „ემოციური დისტანციის პროტოკოლი“ და კრიზისული სიგნალების ამოცნობის, უსაფრთხო რეაგირებისა და შესაბამისი ზრდასრული მხარდაჭერის ჩართვის მკაფიო პროცედურა.
  • სკოლებში სავალდებულო გახდეს ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმული წიგნიერების სწავლება.
  • AI-რისკები აისახოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკაში და ჩატარდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები.

ადამიანზე ორიენტირებული ხელოვნური ინტელექტი უნდა ემსახურებოდეს განვითარებას და არა მხოლოდ მოგებას.

ხელოვნური ინტელექტის რისკები ეხება არა მხოლოდ ტექნოლოგიას, არამედ ჩვენი სოციალური წყობის საფუძვლებს, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და შვილების აღზრდას. ჩვენ არ გვაქვს უფლება, უბრალოდ მაყურებლები ვიყოთ. დღევანდელი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, გახდება თუ არა AI კაცობრიობის უდიდესი მოკავშირე თუ მისი განადგურების ინსტრუმენტი.